Monday, March 29, 2010

მართლა თოვდა....


,,... დეკემბრის ერთ ცივ საღამოს, როცა გარეთ ზამთრის სუსხი და ცივი ქარი ერთმანეთში ირეოდა და სულიერის ჭაჭანება არ იყო, სუსხისაგან გაყინულ მიწაზე, მხოლოდ ერთი ადამიანი ტოვებდა ძნელად შესამჩნევ ნაკვალევს... პატარა, მაგრამ ძლიერი და მყარი ნაბიჯებით მიდიოდა, რათა ძლიერ ქარს არ წაექცია. კვალი ქალაქის განაპირას მდგარ პატარა ქოხთან შეჩერდა... სახლი პატარა იყო, თუმცა ერთი ადამიანისთვის სრულიად საკმარისი. ერთი შეხედვით გარედან თავლას გავდა, მაგრამ შიგნით მეტად მყუდრო რამ იყო. გოგონა შიგნით შევიდა, დაცვარული ტანსაცმელი გაიხადა და იქვე საკიდზე ჩამოკიდა, ფეხები თბილ, ზამთრის ჩუსტებში შეყო და სასადილოდ გაემართა. სახლი სამი პატარა ოთახისგან შედგებოდა: ერთი საძინებელი იყო, მეორე სამზარეულო, ხოლო მესამე მისაღები ოთახი... გოგომ ისადილა და მისაღებში შევიდა, რამდენიმე ხის პატარა მორი აიღო და ბუხართან ჩამოჯდა. მორები ერთმანეთს დაადო, შემდეგ ქაღალდი დაუმატა და ცეცხლი მოუკიდა. ცეცხლი ნელ-ნელა აინთო, ჯერ ფურცლებს მოეკიდა და მალევე ჩაქრა, შემდეგ კი მორებიც გაწითლდა და ცეცხლიც აგიზგიზდა... ოთახში სითბომ და სიმყუდროვემ დაისადგურა. გოგონამ პატარა ბალიში აიღო და ბუხრის წინ იატაკზე ჩამოჯდა, ცეცხლის გიზგიზმა და შეშის ტკაცუნმა ძილი მოჰგვარა და წამოწვა....
უცებ, მის წინ პატარა კაცუნები გაჩნდნენ, რომლებიც ერთი რურვილის ასრულებას დაჰპირდნენ, შეუსრულებდნენ ყველაფერს რასაც ის მოისურვებდა. გოგონამ თოვლი ინატრა.... და უცებ ერთი ფანტელი ჩამოვარდა ციდან, მას მეორე მოჰყვა, აი კიდევ ერთი... და თოვა დაიწყო. ყველაფერი თეთრად შეიმოსა, ხეები, ეზოები, ქუჩები, სახლები.. გარედან გახარებული ბავშვების ჟრიამული ისმოდა. გოგო სწრაფად ადგა, საკიდზე დაკიდებული თბილი პალტო ჩამოხსნა და ჩაიცვა, თეთრი ბერეტი დაიხურა, ხალთათმანები გაიკეთა, კაშნეც მოიხვია და გარეთ გავიდა.აი გუნდაც მოხვდა, კიდევ ერთი... თვითონაც გააკეთა თოვლის დიდი გუნდა და ვიღაცას ესროლა. შემგედ კი გაიქცა, წაიქცა და სულ თოვლით დაიფარა, მაგრამ ეს ძალიან უხაროდა. პატარა ბავშვებს თოვლის ბაბუის გაკეთებაში მიეხმარა, მერე მათთამ ერთად წრეში ჩადგა და საახალწლო სიმღერა იმღერა თოვლის ბაბუის გარშემო. ბევრი იგუნდავა, ბევრი იცინა და იმხიარულა. თეთრ, ქათქათა ფაფუკ თოვლში ფეხების ნაკვალევით თავისი სახელი დაწერა. ერთი ბიჭი გამოეკიდა დიდი გუნდით ხელში და გაიქცა მაგრამ თოვლში ჩაეფლო. ბიჭმა ხელი გაუწოდა და მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ... და მათ შორის გაიბა უხილავი, ნაზი გრძნობის ძაფი, რომელიც ორივემ იგრძნო უთქმელად.... და უცებ ყველაფერი გაქრა..
... თვალები რომ გაახილა, ნახევრად ჩამქრალი ნაკვერჩხლები დაინახა, რომლის სუსტი კვამლიც ბუხარში იკარგებოდა. მიხვდა, რომ ის ყველაფერი სიზმარი იყო და გული დაწყდა. ჯერ კიდევ თბილ ოთახში მზის სუსტი სხივი ერთ სწორ ხაზად შემოპარულიყო. გათენდა.... გოგონა წამოჯდა, კიდევ ერთხელ გაახსენდა ლამაზი სიზმარი, თუმცა კაცუნები არსად ჩანდნენ მაგრამ მაინც ინატრა... მიხვდა სისულელე რომ იყო, ფანჯრისკენ გაიხედა, გარეთ თოვდა, მართლა თოვდა......"

No comments:

Post a Comment